უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრი კულებას განცხადებით, სანქციები, რომლებსაც რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში გამოიყენებენ, ოფიციალური მოსკოვისთვის "ძალიან მტკივნეული იქნება".
როგორც კულებამ აღნიშნა, ეს სანქციები რუსეთის ეკონომიკას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. ამასთან, მინისტრის თქმით, უკრაინა 2014 წლის შემდეგ ახლა ყველაზე კარგ პოზიციაზე იმყოფება, როგორც ეკონომიკური, ისე დიპლომატიური და სამხედრო თვალსაზრისით.
"ჩვენი ინიციატივით და პარტნიორებთან ჩვენი მუშაობის წყალობით, ამერიკამ და ევროკავშირმა დაასრულეს სასანქციო პაკეტზე მუშაობა", - განაცხადა კულებამ და აღნიშნა, რომ მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტები უკრაინაში მომავალ კვირაშიც გაგრძელდება და ერთ-ერთი ასეთი ვიზიტით კიევს გერმანიის კანცლერი ეწვევა.
ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბრისას ჯო ბაიდენმა ნათლად თქვა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ამერიკა საპასუხო ზომებს მიიღებს. ამასთან, ბაიდენმა საუბარისას განაცხადა, რომ მიუხედავად აშშ-ის მზაობისა დიპლომატიური ურთიერთობები ავითაროს, დასავლეთი სხვა სცენარისთისაც თანაბრად მზად არის.
მანამდე სატელეფონო საუბარი შედგა აშშ-ის სახელმწიფო მდივნ ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის. საუბრის შემდეგ ბლინკენმ თქვა, რომ მან ლავროვს შესთავაზა უკრაინის საკითხის დიპლომატიურად გადაწყვეტა და ხაზი გაუსვა, რომ დამატებით რუსულ აგრესიას მტკიცე ტრანსატლანტიკური პასუხი მოჰყვება.
***
11 თებერვალს თეთრ სახლში განაცხადეს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის სრულად მზად არის და უკრაინაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდეს, ქვეყანა 48 საათში დატოვონ.
აშშ–ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ შეჭრა შეიძლება ნებისმიერ დროს, მომდევნო კვირაში ან ორ დღეში დაიწყოს, როცა ვლადიმერ პუტინი შესაბამის ბრძანებას გასცემს.
გუშინ დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში მყოფ ბრიტანეთის ოფიციალურ პირებსა და მოქალაქეებს ქვეყნის კომერციული რეისებით დატოვებისკენ მოუწოდა.
გაერთიანებული სამეფო მოქალაქეებს უკრაინაში მოგზაურობისგან თავის შეკავებასაც ურჩევს.
აღსანიშნავია, რომ თავის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს ნიდერლანდები, იაპონია, ლატვია და სამხრეთ კორეაც.
დღეს AP News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ კიევში საელჩოს სრული ევაკუაციის შესახებ განცხადებას აშშ-ის მთავრობა დღეს გააკეთებს. ეს კი იმ ფონზე როცა დასავლეთის სადაზვერვო სამსახურები აცხადებენ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა გარდაუვალია.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჯერ კიდევ იანვარში კიევში საელჩოს ამერიკელ თანამშრომლებსა და მათ ოჯახებს რუსეთის სამხედრო ქმედებების საფრთხის გამო უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა, მაგრამ ამ განცხადების მიხედვით არაძირითად პერსონალს ქვეყნის დატოვება სურვილის შემთხვევაში შეეძლო.
თებრვლის დასაწყისში კი სახელმწიფო დეპარტამენტმა ბელარუსში ამერიკის საელჩოს თანამშრომლებსა და მათ ოჯახის წევრებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა და მოქალაქეები გააფრთხილა, რომ ბელარუსი-უკრაინის საზღვართან რუსეთის უჩვეულო და შემაშფოთებელი სამხედრო მობილიზების გამო ბელარუსში გამგზავრება საშიშია.
ასევე აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ თეთრმა სახლმა დაამტკიცა პენტაგონის გეგმა, რომელიც ამერიკელი სამხედროების პოლონეთში განთავსებას გულისხმობს, რათა რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში უკრაინაში მყოფ ათასობით ამერიკელს ევაკუაციაში დაეხმარონ.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაცია ამ ნაბიჯით ცდილობს თავიდან აიცილოს ის ქაოსური ევაკუაცია, რაც აგვისტოში ავღანეთის შემთხვევაში მოხდა.
დღეს РИА Новости-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომლებმა უკრაინის დატოვება დაიწყეს.
გამოცემას წყარო უყვება, რომ დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის ოფიციალური პირების ევაკუაციის შემდეგ მოსკოვმაც გადაწყვიტა იმავენაირად იმოქმედოს.